გლობალური HR მენეჯმენტი: საერთაშორისო სამუშაო ძალის მართვის გამოწვევები და გადაჭრის გზები

კომპანიის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა მხოლოდ ბიზნესის გეოგრაფიულ გაფართოებას არ ნიშნავს. ახალი ქვეყნის ბაზარზე შესვლასთან ერთად იცვლება თანამშრომელთა დაქირავების, ანაზღაურების, ადმინისტრირებისა და მართვის პირობებიც.

პრაქტიკაში ხშირად აღმოჩნდება, რომ ადგილობრივ გარემოზე მორგებული HR პროცესები საერთაშორისო მასშტაბზე იმავე ეფექტიანობით აღარ მუშაობს. თითოეულ ქვეყანას განსხვავებული შრომის კანონმდებლობა, საგადასახადო მოთხოვნები, ანგარიშგების წესები, დასაქმების პრაქტიკა და სამუშაო კულტურა აქვს.

ამიტომ გლობალური HR მენეჯმენტის მთავარი ამოცანაა, კომპანიამ შეინარჩუნოს ერთიანი ორგანიზაციული სტანდარტები და ამავე დროს HR პროცესები თითოეული ბაზრის სამართლებრივ, ოპერაციულ და კულტურულ თავისებურებებს მოარგოს.

რით განსხვავდება საერთაშორისო HR ადგილობრივი HR მართვისგან?

ადგილობრივი HR მართვა, როგორც წესი, ერთი ქვეყნის სამართლებრივ, საგადასახადო და კულტურულ გარემოში ხორციელდება. საერთაშორისო HR კი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ოპერირებას მოითხოვს.

კომპანიამ უნდა განსაზღვროს, რომელი HR პოლიტიკა შეიძლება იყოს ერთიანი მთელი ორგანიზაციისთვის და რომელი პროცესები უნდა მოერგოს კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნებს.

მაგალითად, კომპანიის ღირებულებები, ეთიკის პრინციპები და შესრულების საერთო სტანდარტები შეიძლება ყველა ბაზრისთვის ერთიანი იყოს. დასაქმების პირობები, შვებულებები, სამუშაო დრო, სახელფასო ადმინისტრირება და სავალდებულო ბენეფიტები კი ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით უნდა განისაზღვროს.

შრომის კანონმდებლობა, შესაბამისობა და ანგარიშგება

ყველაზე ხშირი პრობლემა, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები აწყდებიან, შრომის კანონმდებლობის შესაბამისობაა.

თითოეულ ქვეყანაში განსხვავებულად რეგულირდება თანამშრომლის დაქირავება, შრომითი ურთიერთობის ადმინისტრირება და მისი შეწყვეტა, ამიტომ ერთ ბაზარზე მოქმედი HR პრაქტიკის სხვა ქვეყანაში პირდაპირ გადატანა მნიშვნელოვან სამართლებრივ რისკებს ქმნის. შესაბამისად, HR დოკუმენტაცია და შიდა პროცედურები კონკრეტული ქვეყნის სამართლებრივ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცესის საწყის ეტაპზე გამართვა, არამედ რეგულაციების ცვლილებების მუდმივი მონიტორინგიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს ფინანსური სანქციების, შრომითი დავებისა და თანამშრომლების ნდობის დაზიანების რისკი.

HR მართვა: ხელშეკრულება, ფეიროლი და დასაქმების პირობები

საერთაშორისო გუნდის მართვისას ხელშეკრულება, ფეიროლი, შესაბამისობა და ანგარიშგება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პროცესები არ არის.

შრომით ხელშეკრულებაში განსაზღვრული ანაზღაურება, სამუშაო საათები, ბონუსები, შვებულებები და სხვა პირობები სწორად უნდა აისახოს როგორც HR სისტემაში, ისე სახელფასო და ფინანსურ ანგარიშგებაში.

გლობალური ფეიროლის მართვისას კომპანიას შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ვალუტასთან, გადახდის გრაფიკთან, საგადასახადო წესთან და ანგარიშგების ფორმატთან უწევდეს მუშაობა. მონაცემების სხვადასხვა სისტემაში დამუშავება კი შეცდომის, ინფორმაციის გამოტოვებისა და დაგვიანებული გადახდის რისკს ზრდის.

პროცესის ეფექტიანად მართვისთვის საჭიროა: სახელფასო მონაცემების შეგროვების ერთიანი ფორმატი; წინასწარ განსაზღვრული ფეიროლის კალენდარი; პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილება; მონაცემების გადამოწმების პროცედურა; ადგილობრივ მოთხოვნებთან შესაბამისი ანგარიშგება; პერსონალური და ფინანსური მონაცემების უსაფრთხო მართვა.

ანაზღაურება და ბენეფიტები საერთაშორისო ბაზარზე

ანაზღაურება და ბენეფიტები HR მართვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა.  ერთ ქვეყანაში კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი სხვა ბაზრისთვის შეიძლება ნაკლებად მიმზიდველი ან შეუსაბამო აღმოჩნდეს.

გლობალური HR მენეჯმენტისას კომპანიამ ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს:

კანონმდებლობით სავალდებულო ანაზღაურება და ბენეფიტები;

ადგილობრივ შრომის ბაზარზე ჩამოყალიბებული მოლოდინები.

კანდიდატები მხოლოდ საბაზისო ხელფასს არ აფასებენ. მათი გადაწყვეტილება შეიძლება დამოკიდებული იყოს ჯანმრთელობის დაზღვევაზე, საპენსიო სქემაზე, მოქნილ სამუშაო ფორმატზე, ანაზღაურებად შვებულებაზე, ბონუსებსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე.

ამიტომ ანაზღაურების პოლიტიკა პერიოდულად უნდა გადაიხედოს ადგილობრივი ბაზრის მონაცემებისა და თანამშრომელთა საჭიროებების გათვალისწინებით.

კულტურული და სოციალური მახასიათებლები

ბევრი კომპანია ოპერაციულ გამოწვევებზე კონცენტრირდება და კულტურულ განსხვავებებს „მართვად" ფაქტორად მიიჩნევს. პრაქტიკა სხვა სურათს გვიჩვენებს.

სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია მიდგომა იერარქიასთან, გადაწყვეტილების მიღებასთან, კომუნიკაციის სტილსა და უკუკავშირის კულტურასთან დაკავშირებით. ერთ ბაზარზე ბუნებრივი სამუშაო ურთიერთობა სხვაგან შეიძლება, განსხვავებულად აღიქმებოდეს. ეს განსხვავებები გუნდის ეფექტიანობაზე, ახალი თანამშრომლების ინტეგრაციასა და საბოლოოდ, დასაქმებულთა რაოდენობის შენარჩუნებაზეც აისახება. კომპანიები, რომლებიც კულტურულ და სოციალურ მახასიათებლებს HR პოლიტიკაში ადრეულ ეტაპზევე ითვალისწინებენ, ნაკლებ დროს კარგავენ თანამშრომლების მოძიებაზე და გაცილებით სწრაფად იმყარებენ პოზიციას ახალ ბაზრებზე.

გლობალური HR აუთსორსინგის პრაქტიკა ამ განსხვავებებს ორ დონეზე მოიაზრებს. ეთიკის, შესრულების სტანდარტებისა და ქცევის ზოგადი ნორმები ერთგვაროვანი უნდა იყოს. კომუნიკაციის სტილი, გუნდური ინტეგრაციის ფორმატი და ყოველდღიური ურთიერთობა კი – ადგილობრივ კულტურას უნდა ითვალისწინებდეს. სწორედ ამ ბალანსის პოვნა განასხვავებს კომპანიებს, რომლებიც გლობალურ ბაზარზე იმკვიდრებენ ადგილს, მათგან, ვინც ამ გამოწვევას თავს ვერ ართმევს.

როგორ შევარჩიოთ საერთაშორისო HR-ის მართვის მოდელი?

საერთაშორისო ბაზარზე გასვლისას მნიშვნელოვანია, კომპანიამ წინასწარ განსაზღვროს, რომელი HR პროცესების მართვა შეუძლია შიდა რესურსით და რომელ მიმართულებებში სჭირდება ადგილობრივი ექსპერტის ან გარე HR პარტნიორის ჩართულობა.

არჩევანი დამოკიდებულია გუნდის ზომაზე, ქვეყნების რაოდენობაზე, ადგილობრივი იურიდიული პირის არსებობასა და შიდა HR კომპეტენციებზე.

შესაძლო მოდელები მოიცავს:

  • ადგილობრივი HR ადმინისტრირების მხარდაჭერას;
  • ფეიროლის, შესაბამისობისა და ანგარიშგების აუთსორსს;
  • დისტანციური HR გუნდის ჩართულობას;
  • გლობალური ფეიროლის ცენტრალიზებულ მართვას;
  • აუთსტაფინგს - EOR და PEO მოდელებით.

აუთსტაფინგი განსაკუთრებით პრაქტიკული გადაწყვეტაა, როდესაც კომპანიას სხვა ქვეყანაში თანამშრომლის დაქირავება სურს, მაგრამ ადგილობრივი იურიდიული პირი ან დასაქმების სრულფასოვანი ინფრასტრუქტურა ჯერ არ გააჩნია. ასეთ შემთხვევაში ადგილობრივი პარტნიორი თანამშრომლის ოფიციალურ დასაქმებას, კონტრაქტს, ფეიროლს, შვებულებებსა და შესაბამისობის საკითხებს მართავს, ხოლო კომპანია მის ყოველდღიურ საქმიანობას ხელმძღვანელობს.

რას ნიშნავს ეს ქართული კომპანიებისთვის?

ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა ნიშნავს, რომ ადგილობრივ გარემოზე მორგებული HR სისტემა ეტაპობრივად საერთაშორისო მოდელად უნდა გარდაიქმნას.

ეს პროცესი მოითხოვს სამართლებრივ ექსპერტიზას, გამართულ HR ადმინისტრირებას, ადგილობრივი შრომის ბაზრის ცოდნას, ზუსტ ფეიროლს, შესაბამისობასა და კონსოლიდირებულ ანგარიშგებას.

ყველა ამ კომპეტენციის შიდა რესურსით შექმნა ყოველთვის აუცილებელი ან ეფექტიანი არ არის. გამოცდილ HR პარტნიორთან თანამშრომლობა კომპანიას საშუალებას აძლევს, საჭიროების მიხედვით გამოიყენოს კონკრეტული მხარდაჭერა.

გლობალური HR მენეჯმენტის მიზანი ყველა ბაზარზე იდენტური პროცესის დანერგვა არ არის. მისი მიზანია ერთიანი ორგანიზაციული სტანდარტების შენარჩუნება და თითოეული ქვეყნის მოთხოვნებთან სწორი ადაპტაცია.

კომპანიები, რომლებიც ამ საკითხებს საერთაშორისო გაფართოების საწყის ეტაპზევე ითვალისწინებენ, უფრო მარტივად მართავენ რისკებს, თანამშრომლებსა და ახალ ბაზარზე ოპერირების პროცესს.

თუ თქვენი კომპანია საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ან საერთაშორისო გუნდის გაფართოებას გეგმავს, HR აუთსორსინგულ კომპანია One Point დაგეხმარებათ შეარჩიოთ და დანერგოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული HR მართვის მოდელი.