გუნდის რესურსების ამოწურვა: როდესაც სამუშაო მოთხოვნები გუნდის შესაძლებლობებზე მეტია
გუნდის გადაწვა უეცრად თითქმის არასდროს იწყება. პროცესი ნელ-ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ვითარდება – ყოველდღიურად იმატებს დავალებები, მცირდება დასვენების დრო და სამუშაოს ჩაბარების ვადებიც სულ უფრო ხანგრძლივდება.
სანამ ხელმძღვანელი რეალურ სურათს დაინახავს, გუნდის გადაღლა უკვე იმ ზღვარს აღწევს, როცა თანამშრომლები ენერგიის ბოლო რესურსით განაგრძობენ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
მთავარი სირთულე ისაა, რომ გუნდის გადაწვის ნიშნები საწყის ეტაპზე ძნელად შესამჩნევია. ადამიანი საქმეს დროულად აკეთებს, შეხვედრებს ესწრება და თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება. სინამდვილეში კი, მისი ენერგია ნელ-ნელა იწურება, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად იჩენს თავს პროდუქტიულობის მაჩვენებლის კლებასა და ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუარესებაში.
იმისათვის, რომ მენეჯერმა ზუსტად გაიგოს, თუ რა ფუნქციები და პასუხისმგებლობები ეკისრება თითოეულ როლს, სამუშაო პოზიციების ანალიზი და აღწერა მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რადგან გაურკვეველი მოვალეობები ხშირად ხდება სტრესისა და გაუცხოების მთავარი მიზეზი.
ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, რა ნიშნები მიუთითებს თანამშრომლის გადაწვას ადრეულ ეტაპზე და რა პრაქტიკული ნაბიჯები დაეხმარება მენეჯერს, დროულად მოახდინოს შესაბამისი რეაგირება პრობლემის გამწვავებამდე.
რა არის გუნდის გადაწვა (Burnout)
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) გადაწვა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში (ICD-11) შეიყვანა. WHO ამ მდგომარეობას განმარტავს, როგორც ქრონიკული სამუშაო სტრესის შედეგს, რომელსაც სისტემური მართვა აკლია და უშუალოდ სამუშაო გარემოს გამო წარმოქმნილ პროფესიულ მდგომარეობას წარმოადგენს.
ოფიციალური განმარტების მიხედვით, ამ პროცესს სამი ძირითადი სიმპტომი ახასიათებს:
- ენერგიის სრული გამოფიტვა და ქრონიკული დაღლილობა, როდესაც ადამიანი დილიდანვე გამოფიტული იწყებს სამუშაო დღეს.
- საქმისგან შინაგანი დისტანცირება, აპათია ან საკუთარი საქმიანობის მიმართ ცინიკური დამოკიდებულების გაჩენა.
- პროდუქტიულობისა და შრომისუნარიანობის მკვეთრი გაუარესება.
ეს სამი ფაქტორი გვეხმარება იმის გაგებაში, ჩვეულებრივ, დროებით დაღლილობასთან გვაქვს საქმე თუ თანამშრომლების გადაღლა უკვე სიღრმისეულ, სისტემურ პრობლემად იქცა.
აღსანიშნავია, რომ WHO ამ ცნებას მხოლოდ პროფესიულ კონტექსტს უკავშირებს. შესაბამისად, გუნდის გადაწვა უშუალოდ სამუშაო პროცესისა და ორგანიზაციული გარემოს ხარვეზებით არის გამოწვეული და არა პირადი ცხოვრების სირთულეებით ან ინდივიდუალური სტრესორებით.
გუნდის გადაწვის ნიშნები ცალკეულ თანამშრომელში
კითხვაზე, თუ როგორ ამოვიცნოთ გადაწვის პირას მყოფი თანამშრომელი, პასუხი მცირე ქცევით ცვლილებებზე დაკვირვებით იწყება. ადამიანი, რომელიც ადრე ინიციატივით გამოირჩეოდა, ნელ-ნელა პასიური ხდება, იშვიათად სვამს კითხვებს შეხვედრებზე და ახალ ინიციატივებში მონაწილეობას ერიდება.
ხშირად იმატებს გაღიზიანება და შინაგანი დაძაბულობა, რაც ადრე ამ ადამიანისთვის უცხო იყო. პარალელურად იზრდება შეცდომების რაოდენობა, ვინაიდან გადაღლილ გონებას ყურადღების კონცენტრაცია უჭირს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ საქმიანობაში, სადაც დეტალების სიზუსტე და მაღალი პასუხისმგებლობა უმნიშვნელოვანესია. დაღლილი გონება მარტივ ამოცანებსაც კი დიდი ძალისხმევით უმკლავდება.
კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია ფორმალური დამოკიდებულება. თანამშრომელი სამსახურში ცხადდება, თუმცა მხოლოდ მინიმალურ ვალდებულებებს ასრულებს, რათა დავალება ჩაბარებულად ჩაითვალოს. ეს გულგრილობა დროთა განმავლობაში აპათიაში გადაიზრდება, როდესაც ადამიანი სრულად კარგავს ემოციურ კავშირს საკუთარ საქმიანობასთან.
როდესაც თანამშრომლის გადაწვა მთელ გუნდზე აისახება
ცალკეული ადამიანის მდგომარეობა დროთა განმავლობაში მთელს გუნდზე და საერთო შედეგებზე უარყოფითად აისახება. ერთ-ერთი პირველი სიმპტომი გაცდენების გახშირებაა. როდესაც ადამიანები ხშირად, ავადმყოფობის თუ სხვა მიზეზით მოულოდნელად აცდენენ სამუშაოს, ზოგიერთ შემთხვევაში პროცესებისგან გამოწვეული გადაღლილობის შედეგია, ვიდრე უბრალო შემთხვევითობა. ორგანიზმი სტრესს ფიზიკური სისუსტითა და იმუნიტეტის დაქვეითებით პასუხობს.
მომდევნო სერიოზული სიგნალი თანამშრომლების გადინების ზრდაა. როდესაც სამუშაო გარემო სტრესული ხდება, ადამიანები ორგანიზაციის დატოვებას იწყებენ. თუ ხელმძღვანელობა ამ დინამიკას ყურადღებას არ მიაქცევს, კომპანია კარგავს გამოცდილ ადამიანებს, რომელთა ჩანაცვლებაც დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ახალი თანამშრომლების მოძიება, აყვანა და ინტეგრაცია კი ისედაც გადაღლილი კოლექტივისგან დამატებით რესურსებს მოითხოვს, რაც პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.
გარდა ამისა, იცვლება საერთო ატმოსფეროც. კლებულობს შინაგანი მოტივაცია, ქრება ახალი იდეები და ჩვეულებრივი, ყოველდღიური დავალებების შესრულებას ბევრად მეტი დრო სჭირდება. გუნდში იმატებს კონფლიქტები და გაუგებრობები, რადგან გადაღლილი ადამიანები ნაკლები მოთმინებით ეკიდებიან ურთიერთობებს. ამ დროს სწორად გამართული ბიზნეს პროცესების მართვა ეხმარება ორგანიზაციას, აირიდოს ზედმეტი ქაოსი, შეამციროს დუბლირებული დავალებები და პროცესებს სიცხადე შესძინოს.
რა არის თანამშრომლების გადაწვის მიზეზი?
თანამშრომლების გადაწვა უმეტესწილად სამუშაო საათებსა და აღდგენით პერიოდებს შორის ბალანსის დარღვევით არის გამოწვეული. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კვლევები ადასტურებს, რომ ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი დაღლილობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანს ძალების აღსადგენად საკმარისი დრო არ ეძლევა.
მონაცემების თანახმად, კვირაში 48 საათზე მეტი დატვირთვა უკავშირდება ძილის დარღვევას, ქრონიკულ სტრესსა და ჯანმრთელობის გაუარესებას. აქ გადამწყვეტი მხოლოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა არაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დასვენებისა და განტვირთვის ხარისხი. როდესაც სამუშაოზე ფიქრები ადამიანს სახლშიც მიჰყვება, დასვენების პროცესი ირღვევა. ამ გამოწვევების პრევენციას ემსახურება გრძელვადიანი HR სტრატეგია, რომელიც ორგანიზაციას ეხმარება, სამუშაო დატვირთვა რეალისტურად დაგეგმოს.
ILO ხაზგასმით აღნიშნავს აღდგენითი პერიოდის როლს. როდესაც ადამიანი შესვენების გარეშე, გადაბმულად მუშაობს, დაღლილობა ილექება და ქრონიკულ სახეს იღებს. შესაბამისად, სამუშაო პროცესის შეფასებისას მხოლოდ ამოცანების რაოდენობაზე დაკვირვება საკმარისი არ არის, აუცილებელია იმის გაანალიზებაც, თუ როგორ ნაწილდება ეს დატვირთვა დროსა და სივრცეში და რამდენად ეძლევათ თანამშრომლებს ენერგიის აღდგენის საშუალება.
როგორ ავიცილოთ გუნდის გადაწვა
პრობლემის მოგვარება არსებული ვითარების რეალისტური შეფასებით იწყება. ხშირად მენეჯერმა ზუსტად არ იცის, თანამშრომლების მდგომარეობა, შესაბამისად პერიოდულად გამოკითხვების ჩატარება კომპანიას ეხმარება ტენდენციები დროულად აღმოაჩინოს და აღმოჩენილი რისკების პრევენციისთვის დროულად გადადგას ქმედითი ნაბიჯები.
პარალელურად, საჭიროა გუნდის მდგრადობისა და მოტივაციის ამაღლება. ხანგრძლივ პერსპექტივაში სწავლება და განვითარება ზრდის თანამშრომელთა პროფესიულ უნარებს, რაც მათ რთულ ამოცანებთან გამკლავებას გაუადვილებს. ამავდროულად, პერიოდული თიმბილდინგი ეხმარება კოლექტივს, შეინარჩუნოს ჯანსაღი სამუშაო რიტმი, გააუმჯობესოს შიდა კომუნიკაცია და ადვილად გადალახოს დაძაბული პერიოდები.
როგორ ეხმარება One Point კომპანიებს
გუნდის გადაწვის დროული პრევენცია ხელმძღვანელისგან მუდმივ ყურადღებასა და დაკვირვებას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიაში შიდა HR რესურსი შეზღუდულია. პრობლემის აღმოჩენას ეფექტური და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რომელიც HR გუნდისგან დამატებით რესურს მოითხოვს. One Point ეხმარება ორგანიზაციებს, დაინახონ სამუშაო პროცესების რეალური სურათი, აღმოაჩინონ სისტემური ხარვეზები და გაატარონ პრევენციული ღონისძიებები. პროფესიონალური მხარდაჭერით კომპანიები ახერხებენ ჯანსაღი, პროდუქტიული და მოტივირებული სამუშაო გარემოს შენარჩუნებას, სადაც თანამშრომლებს გადაწვისა და ქრონიკული დაღლილობის გარეშე შეუძლიათ სრულფასოვნად მუშაობა.