HR ავტომატიზაცია: როგორ იყენებენ წამყვანი კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რა შედეგს აღწევენ ისინი?
ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ხელოვნური ინტელექტი ბოლო წლებში აქტიურად გამოიყენება. 2018 წლიდან დღემდე, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კომპანიაში ათასზე მეტი AI პროექტი განხორციელდა, რომლებმაც ტალანტების მოზიდვის, შერჩევისა და მართვის პროცესები სრულად შეცვალა.
HR ავტომატიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროგნოზული ანალიტიკის დახმარებით, იძლევა შესაძლებლობას, რუტინული ამოცანები მინიმალურ დროში შესრულდეს. შესაბამისად, კომპანიებს სტრატეგიულ საკითხებზე ფოკუსირებისთვის მეტი რესურსი რჩებათ.
HR ავტომატიზაციის წარმატებული მაგალითები: Unilever, Hilton და ServiceNow
საინტერესოა იმ ორგანიზაციების გამოცდილება, რომლებმაც ტექნოლოგიური ინოვაციების დახმარებით HR ავტომატიზაცია უკვე მოახერხეს.
მაგალითად, ბრიტანულმა კომპანია Unilever-მა რეკრუტინგის პროცესში Al პლატფორმა დანერგა, რომელიც კანდიდატებს აფასებს თამაშის ტიპის ტესტების შედეგებისა და ვიდეო ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე. ამ მიდგომით კომპანიამ წელიწადში დაახლოებით 70 000 საათის დაზოგვა შეძლო. პარალელურად, კანდიდატის შერჩევის პროცესზე დახარჯული დრო 75-90%-ით შემცირდა.
HR ავტომატიზაცია ეფექტური აღმოჩნდა საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Hilton-ისთვისაც. ამ შემთხვევაში AI სისტემამ ტალანტების მოზიდვის დრო ექვსიდან ხუთ კვირამდე შეამცირა.
პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკულმა კომპანია ServiceNow-მა კი თავის თანამშრომლებს Al პლატფორმა frED-ს შესთავაზა. ის თითოეული მათგანის უნარებს, გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებს აანალიზებს. შედეგად, სისტემა ადგენს კარიერული განვითარების გეგმას და სთავაზობს გუნდის წევრს შესაბამის სასწავლო პროგრამებს პროფესიული კომპეტენციების განსავითარებლად.
რა გავლენას ახდენს AI ონბორდინგის პროცესსა და ტალანტების შენარჩუნებაზე?
ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია IBM-მა შექმნა AI პლატფორმა, რომელსაც Watson Career Coach ჰქვია. სისტემა ჩართულია ონბორდინგიის პროცესში. ჩატბოტი ავტომატურად პასუხობს ახალი თანამშრომლების მიერ დასმულ შეკითხვებს, აწვდის მათ საჭირო ინფორმაციას და გუნდში ინტეგრირების თითოეულ ეტაპს აკონტროლებს. ამ მიდგომით, მათი ადაპტაციის პერიოდი თითქმის 60%-ით შემცირდა.
Walmart-მა HR ავტომატიზაცია ძალიან საინტერესო მიმართულებით გამოიყენა. კომპანია ხელოვნურ ინტელექტს ტალანტების გადინების რისკების წინასწარ შესაფასებლად იყენებს. HR გუნდები მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავენ, რომელი თანამშრომლები დატოვებენ მაღალი ალბათობით სამსახურს. შედეგად, გუნდის წევრების საჭიროებები დგინდება და დროული რეაგირება ხდება. AI-ის ინტეგრირებით კომპანიამ შრომითი დანახარჯები 15%-ით შეამცირა.
საკომუნიკაციო კომპანია RingCentral-მა AI რეკრუტინგის პლატფორმა Findem-თან თანამშრომლობით ტალანტების მოზიდვის ახალი სისტემა შეიმუშავა. ამ სისტემამ კომპანიის შიდა ბაზებიდან და გარე წყაროებიდან ინფორმაცია შეკრიბა და გაანალიზა, რამაც პოტენციური კანდიდატების სია 40%-ით გააფართოვა. პარალელურად, 22%-ით გაუმჯობესდა შერჩევის ხარისხი, ხოლო ნაკლებად წარმოდგენილი სოციალური ჯგუფებიდან 40%-ით გაიზარდა კანდიდატების ინტერესი.
ეს მაგალითები ადასტურებს, რომ HR ავტომატიზაცია კონკრეტულ, გაზომვად შედეგებს იძლევა. კომპანიები დროისა და სხვა რესურსების დაზოგავასთან ერთად თანამშრომელთა კმაყოფილებას ზრდიან და ოპერაციული პროცესების ხარისხსაც აუმჯობესებენ.
რა რისკები ახლავს ხელოვნური ინტელექტის დანერგვას HR პროცესებში?
ხელოვნური ინტელექტის HR-ში დანერგვას თან თავისი სირთულეები ახლავს. მაგალითად, მონაცემთა კონფიდენციალურობა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. HR დეპარტამენტის ხელმძღვანელების დაახლოებით 70% აღნიშნავს, რომ Al სისტემების გამოყენებისას, სწორედ მონაცემთა უსაფრთხოებაა მათი მთავარი საზრუნავი. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ორგანიზაციებს მყარი დაცვის მექანიზმები სჭირდებათ, რათა მათ თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის საიმედოდ დაცვა შეძლონ.
ამასთანავე, აუცილებელია ბალანსის დაცვა ავტომატიზაციასა და ადამიანურ ფაქტორს შორის, რადგან ზედმეტმა ავტომატიზაციამ, შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოიტანოს. თანამშრომლებს ზოგჯერ სჭირდებათ პირადი კონტაქტი და ემპათია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სენსიტიურ საკითხებს ეხება. ამ დროს HR სპეციალისტებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ.
წაიკითხეთ ბლოგი HR სპეციალისტების შესახებ და გაიგეთ თუ რა ტიპის შეცდომებს უშვებენ ისინი ყველაზე ხშირად.
ბუნებრივია, ციფრულ ტრანსფორმაციას ხშირად თან ახლავს ცვლილებებისადმი წინააღმდეგობა. კვლევების მიხედვით, HR პროფესიონალების დაახლოებით 24% შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ პროფესიას საფრთხეს უქმნის. ორგანიზაციებში, სადაც AI უკვე დანერგილია, HR გუნდები 16-ჯერ უფრო ხშირად აფასებენ მას როგორც სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და ტრანსფორმაციის საშუალებას, და არა როგორც პროფესიების ჩანაცვლების საფრთხეს. ამ შიშების დასაძლევად და ტექნოლოგიის წარმატებით დასანერგად კი აუცილებელია გამჭვირვალობა, თანამშრომლების გადამზადება და მათთან მკაფიო კომუნიკაცია.
დასკვნის სახით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტი HR სფეროში ის ინსტრუმენტია, რომელიც ორგანიზაციებს კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში ეხმარება. საერთაშორისო კომპანიების გამოცდილება ადასტურებს, რომ სწორად დანერგილი Al სისტემები რესურსების მნიშვნელოვან ეკონომიას, პროცესების ოპტიმიზაციასა და თანამშრომელთა კმაყოფილების ზრდას იწვევს.