ბუმერანგი თანამშრომელი - რატომ უბრუნდებიან გუნდის ყოფილი წევრები ძველ დამსაქმებლებს

თანამშრომლის კომპანიიდან წასვლა, ხშირ შემთხვევაში, საბოლოო დამშვიდობებასთან ასოცირდება. თუმცა, ბოლო წლების ტენდენციები გვიჩვენებს, რომ კარიერული გზები ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის და ძველ სამსახურს სულ უფრო და უფრო მეტი პროფესიონალი უბრუნდება. მათ ბუმერანგი თანამშრომლები ეწოდებათ და ეს მოვლენა თანდათან ქართულ კომპანიებშიც იკიდებს ფეხს.  

რატომ იცვლიან თანამშრომლები სამსახურს?

ადამიანები სამსახურს სხვადასხვა, ხშირად კომპლექსური მიზეზების გამო ტოვებენ. ზოგჯერ მათ ახალი გამოცდილების მიღებისა და პროფესიული ზრდის სურვილი ამოძრავებთ, ზოგჯერ კი სხვა კომპანიაში კარიერული წინსვლისა და განვითარების უკეთეს პერსპექტივას ხედავენ.

 

თუმცა, არსებობს უფრო ღრმა და კონკრეტული მიზეზებიც. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფაქტორი არასათანადო მენეჯმენტი და არაჯანსაღი სამუშაო გარემოა. როდესაც თანამშრომლები ვერ გრძნობენ მენეჯერის მხარდაჭერას, არ იღებენ ადეკვატურ უკუკავშირს და არ აქვთ განცდა, რომ მათი შრომა დაფასებულია, მათი მოტივაცია თანდათან ქრება.

 

გადაწყვეტილების მიღებას აჩქარებს არაკონკურენტული ანაზღაურება და ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც განვითარების პერსპექტივას არ იძლევა. თანამშრომლისთვის, რომელიც კომპანიაში საკუთარ მომავალს ვეღარ ხედავს, სამსახურიდან წასვლა პროფესიულ თვითგადარჩენად შეიძლება ჩაითვალოს.

 

ამრიგად, სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება იშვიათად არის იმპულსური. ის, როგორც წესი, დაუკმაყოფილებლობის, უპერსპექტივობისა და უკეთესის ძიების ხანგრძლივი პროცესის შედეგად ყალიბდება. 

ბუმერანგი თანამშრომელი, როგორც თქვენი კომპანიის სტრატეგიული უპირატესობა

წასვლის მიზეზების მიუხედავად, ყოფილი თანამშრომლები კომპანიისთვის ღირებულებას არ კარგავენ. O.C. Tanner-ის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულების დირექტორი, მინდი კოქსი, რომელიც თავადაც ბუმერანგი თანამშრომელია, მიიჩნევს, რომ პროფესიონალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უკან დაბრუნების შესაძლებლობა. Marsh McLennan-ის წარმომადგენელი, ჯასპრიტ სინგი, ამ მოსაზრებას იზიარებს და აღნიშნავს, რომ ბუმერანგი თანამშრომელი კომპანიას სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს, რადგან ის უკან ახალი უნარებითა და გამოცდილებით ბრუნდება.  

 

ბუმერანგი თანამშრომელი რამდენიმე უპირატესობას ფლობს. პირველ რიგში, ის უკვე იცნობს ორგანიზაციულ კულტურას და შიდა პროცესებს, რის გამოც ხანგრძლივი ადაპტაცია აღარ სჭირდება და საქმეში მყისიერად ერთვება. ამასთან, სხვა კომპანიაში მიღებული გამოცდილების წყალობით, ის ორგანიზაციას უბრუნდება ახალი უნარებითა და ცოდნით.

კომპანიისთვის რთულია, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს. ბუმერანგი თანამშრომელი კი ამ უნარს ფლობს. სხვა ორგანიზაციაში გატარებული დრო და იქ მიღებული გამოცდილება მას საშუალებას აძლევს, ძველ სამსახურს ახალი თვალით შეხედოს. ის ამჩნევს დადებით მხარეებს და მარტივად აიდენტიფიცირებს პრობლემებს, რომლებსაც შესაძლოა ყველა შეეგუა. გულწრფელი და პირდაპირი უკუკავშირია ის, რაც HR დეპარტამენტს ეხმარება, გაიგოს, რა სჭირდებათ თანამშრომლებს რეალურად და შექმნას უკეთესი სამუშაო გარემო.

ყოფილი თანამშრომლის კომპანიაში დაბრუნება მთელი გუნდისთვის დადებითი გზავნილია. ეს ფაქტი იმის ნათელი დასტურია, რომ ორგანიზაცია გუნდის წევრებსა და მათ მიერ გაწეულ შრომას აფასებს. ეს აძლიერებს დამსაქმებლის რეპუტაციას, ხელს უწყობს რეკრუტინგის პროცესს და ლოიალური გუნდის შექმნის საფუძველი ხდება.  

როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ყოფილი თანამშრომლების დაბრუნებას?

კომპანიაში ყოფილი თანამშრომლების დაბრუნებას ხელს უწყობს ორგანიზაციული კულტურა, ღირებულებები, ლიდერობის სტილი, კარიერული განვითარების შესაძლებლობები, სამუშაო და პირადი ცხოვრების ბალანსი, მოქნილი სამუშაო გრაფიკი და სტაბილურობის შეგრძნება.  

მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული კავშირებიც. უკან დაბრუნების პროცესს ამარტივებს ყოფილ კოლეგებთან და მენეჯერებთან ურთიერთობის შენარჩუნება. ამიტომ,  HR სპეციალისტები დამსაქმებლებს ურჩევენ, შექმნან გარემო, სადაც თანამშრომლების კეთილდღეობა პრიორიტეტული იქნება. მიღებული პრაქტიკაა Alumni ქსელის შექმნითა და რეგულარული კომუნიკაციით ყოფილ თანამშრომლებთან კავშირის შენარჩუნება.  

ამრიგად, დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც თანამშრომლის წასვლა სამუდამო დამშვიდობებას ნიშნავდა, თანდათან იცვლება. დღეს ბევრი კომპანია ხვდება, რომ პროფესიული ურთიერთობები HR ადმინისტრირების ნაწილად ქცეულ ფორმალურ სამუშაო ხელშეკრულებაზე დიდხანს გრძელდება. 

ორგანიზაციები, რომლებიც ამ რეალობას იაზრებენ და ყოფილ კადრებთან პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებენ, მნიშვნელოვან უპირატესობას იძენენ, რადგან ისინი ახალი კადრის ძიებისას დროსა და რესურსს ზოგავენ.