დღევანდელ დინამიკურ ბიზნეს გარემოში, კომპანიის წარმატებისთვის კორპორაციული კულტურა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. კორპორაციული კულტურა საერთო ღირებულებების, დამოკიდებულებებისა და სტანდარტების ერთობლიობაა, რომელიც ორგანიზაციას და მის წევრებს აერთიანებს.
წარმატებული კორპორაციული კულტურის მთავარი მაჩვენებელი კომპანიის მიზნებში, სტრატეგიებში, სტრუქტურასა და მიდგომებში ღირებულებების ასახვაა.
კორპორაციული კულტურის განვითარება უმნიშვნელოვანესია დამსაქმებლის ბრენდინგის თვალსაზრისითაც.
პირველ რიგში, ის კომპანიას ეხმარება გახდეს მიმზიდველი ორგანიზაცია პოტენციური კანდიდატებისთვის, რაც თავის მხრივ, მაღალკვალიფიციური კანდიდატების ვაკანტური პოზიციებით დაინტერესებას უწყობს ხელს.
დღეს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას, ისე მათ მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.
ამდენად, კარგად განვითარებულ კორპორაციულ კულტურაში პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსზე მკაფიო აქცენტი კეთდება.
გარდა ამისა, ძლიერი კორპორაციული კულტურა ხელს უწყობს თანამშრომელთა ლოიალობის ზრდას, შენარჩუნებას და ამცირებს მათი გადინების რისკს. სწორედ ამიტომ, წარმატებული კომპანიები მუდმივად მუშაობენ ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სათანადოდ განვითარებული კულტურა კომპანიის უნიკალურობას წარმოაჩენს და მას კონკურენტებისგან განასხვავებს. ის ასახავს ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებს და ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ თვისებებს.
დამსაქმებლის ბრენდინგი კი, როგორც პროცესი, მსგავსი მიდგომის ფონზე მნიშვნელოვნად მარტივდება.
რა არის კორპორაციული კულტურა?
კორპორაციული კულტურა სამუშაო ადგილის ატმოსფეროს აყალიბებს და სამუშაო ძალის კოლექტიურ ძალისხმევას კომპანიის მიზნების მისაღწევად მიმართავს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკა და პროცედურები.
კორპორაციული კულტურა გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე, პრობლემის გადაჭრასა და როგორც შიდა, ისე გარე კომუნიკაციის ყველა ფორმაზე.
ორგანიზაციული კულტურის განვითარების სტრატეგიები
ძლიერი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბება მიზანმიმართულ ძალისხმევასა და თანმიმდევრულ მიდგომას მოითხოვს. ამ პროცესის ეფექტურად წარმართვა კი შემდეგი მიდგომებითაა შესაძლებელი:
ლიდერობა და ხედვა - ლიდერებმა მკაფიოდ უნდა გამოხატონ ორგანიზაციის ხედვა და ის ყოველდღიურად საქმიანობაში უნდა დანერგონ. ეს მიდგომა ორგანიზაციულ კულტურას მნიშვნელოვნად აძლიერებს.
შერჩევის სტრატეგია - დაქირავების პროცესი გადამწყვეტია ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში. კომპანიებმა უნდა მოიძიონ კანდიდატები, რომლებსაც არა მხოლოდ საჭირო უნარები აქვთ, არამედ კომპანიის იდენტობასა და მიდგომებსაც იზიარებენ.
ონბორდინგი და ტრენინგი - ონბორდინგის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ახალი თანამშრომლებისთვის კომპანიის ღირებულებების გაზიარებას.
ხოლო თანმიმდევრული და მიზანმიმართული ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობები ზრდის თანამშრომელთა კმაყოფილებას ზრდის და როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.
აღიარება და ჯილდოები - ისეთი აქტივობების დაჯილდოება, რომლებიც არა მხოლოდ კომპანიის ზრდას განაპირობებს, არამედ ორგანიზაციულ კულტურაზეც დადებითად აისახება.
ეს თანამშრომლებს ორგანიზაციის განვითარებაში წვლილის შეტანის მეტ მოტივაციას აძლევს.
უკუკავშირი და ადაპტაცია - რეგულარული უკუკავშირი თანამშრომლებისგან ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ აღიქმება კორპორაციული კულტურა ორგანიზაციის ყველა რგოლში. უკუკავშირი შესაძლებლობას გვაძლევს მუდმივად პროაქტიულები ვიყოთ კორპორაციული კულტურის განვითარებაში და, საჭიროების შემთხვევაში, შევძლოთ შესაბამისად ადაპტირება.
კორპორაციული კულტურა არა მხოლოდ ორგანიზაციის თანამშრომლებზე, არამედ სრულიად შრომით ბაზარზე ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ისეთი სერვისები, როგორიცაა რეკრუტინგი, დამსაქმებლის ბრენდინგი და პირადი HR კონსულტანტი, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
ძლიერი კორპორაციული კულტურის განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობისაა იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გრძელვადიან წარმატებას ისახავენ მიზნად. HR-ის აუთსორსზე გატანა ამ პროცესში კი მართლაც დიდი უპირატესობის მქონეა, რადგან ის
კომპანიებს საშუალებას აძლევს HR მომსახურების სხვადასხვა მიმართულებით ეფექტურად სარგებლობის.
კორპორაციული კულტურის განვითარება საქართველოში
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში კორპორაციული კულტურის განვითარების კუთხით ნამდვილად დიდი წინსვლა შეინიშნება, თუმცა ქვეყნისთვის ეს საკითხი დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
იმ დროიდან, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ღია ეკონომიკაზე გადავიდა, ბაზარმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. უცხოური ინვესტიციების შემოსვლამ და დასავლურ პრაქტიკებთან ინტეგრაციამ ახალი სტანდარტები დანერგა ბიზნესის მართვის კუთხით. სწორედ ამან გახადა კორპორაციული კულტურა ქართული კომპანიებისთვისაც საინტერესო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალ თაობას - Generation Z-ს - განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია კომპანიებში ჯანსაღი სამუშაო გარემოს არსებობა.
დღეისათვის, უკვე ბევრი ადგილობრივი ორგანიზაცია აცნობიერებს წარმატებული კორპორაციული კულტურის მნიშვნელობას და ცდილობს მისი იმპლემენტაციის გზით შექმნას თანამედროვე, თანამშრომლებზე ორიენტირებული გარემო.
ეს კომპლექსური პროცესია, რომელიც დროს მოითხოვს, თუმცა დადებითი ტენდენციები უკვე ჩანს - იზრდება კომპანიების დაინტერესება სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნის, თანამშრომლების კეთილდღეობის უზრუნველყოფის, ინკლუზიური გარემოს შექმნისა და ეთიკური ბიზნეს პრაქტიკების მიმართ.