
რა არის HR სააგენტო და როდის სჭირდება ის ბიზნესს?
ორგანიზაციის განვითარების გარკვეულ ეტაპზე მენეჯერი ხვდება, რომ თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხები სულ უფრო და უფრო მეტ დროსა და ყურადღებას ართმევს. მას ორი არჩევანი აქვს ან შიდა HR დეპარტამენტი უნდა შექმნას, ან ეს მიმართულება აუთსორსინგულ კომპანიას მიანდოს. სწორედ ამ დროს ჩნდება კითხვები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს HR სააგენტო და რით განსხვავდება ის რეკრუტინგული კომპანიისგან.
HR სააგენტო თუ რეკრუტინგული კომპანია?
კვალიფიციური კანდიდატების მოზიდვისა და შერჩევის პროცესს რეკრუტინგი ჰქვია. შესაბამისად, რეკრუტინგული კომპანია ეძებს ტალანტებს, ატარებს გასაუბრებებს და დამკვეთ ორგანიზაციას საუკეთესო მათგანს სთავაზობს. ეს პროცესი ხანმოკლეა და როგორც წესი, ახალი თანამშრომლის აყვანის შემდეგ სრულდება.
HR სააგენტოსთან პარტნიორობა უფრო მრავალმხრივი და ხანგრძლივია. ახალი თანამშრომლის შერჩევის გარდა, მისი სერვისები ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლს მოიცავს, გუნდის წევრების განვითარებასა და მათ შენარჩუნებაზე ზრუნავს, შრომით პროცესებს აწესრიგებს და კომპანიას სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ეხმარება.
HR სააგენტოს სერვისები
თანამედროვე HR სააგენტოს საქმიანობა რამდენიმე მთავარ მიმართულებას მოიცავს, რომლებიც კომპანიებს კონკრეტული ბიზნეს ამოცანების მიღწევაში ეხმარება:
- რეკრუტინგი: HR სააგენტო ქმნის სამუშაოს აღწერილობას, ავრცელებს ვაკანსიას, ატარებს პირველად გასაუბრებებს და ორგანიზაციისთვის კანდიდატთა მოკლე სიას ადგენს;
- ონბორდინგი: თანამშრომლის შერჩევის შემდეგ, დოკუმენტაცია მზადდება, მისი სამუშაო სივრცე წესრიგდება და პირველი სამუშაო დღეები იგეგმება. სწორად წარმართული ონბორდინგი ტალანტების გადინებას ამცირებს და გუნდის ახალი წევრის პროდუქტიულობას ზრდის;
- HR ადმინისტრირება: ეს სერვისი HR პროცესის მართვის სრულ ციკლს მოიცავს, რომელშიც შედის გამართული დოკუმენტბრუნვა, სამუშაო პროცესის სრულ აღწერა, ანაზღაურების სისტემების მართვა და სხვა. HR სააგენტო მონიტორინგს უწევს კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისობას კანონმდებლობასთან და ამზადებს საჭირო დოკუმენტაციას, რითაც მას სამართლებრივი რისკებისგან იცავს.
- HR კონსულტაცია: HR სპეციალისტები კომპანიას ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავებაში, თანამშრომელთა შეფასების სისტემის დანერგვასა და კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარებიან. ისინი აანალიზებენ არსებულ ვითარებას და ორგანიზაციას კონკრეტულ გადაწყვეტებს სთავაზობენ;
- ორგანიზაციული სტრუქტურა: HR სააგენტო კომპანიის გრძელვადიანი წარმატებისთვის მისი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, ბიზნესს სთავაზობს ორგანიზაციული სტრუქტურის და თანამშრომლების განსავითარებლად ინდივიდუალურად მორგებულ სტრატეგიებს;
როდის არის მასთან თანამშრომლობა კარგი გადაწყვეტილება?
არსებობს სიტუაციები, როცა HR აუთსორსინგული კომპანიის ჩართულობა ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მომგებიანია. მაგალითად, მცირე კომპანიებს, რომლებსაც 20-მდე თანამშრომელი ჰყავთ, არ სჭირდებათ მუდმივი HR მენეჯერი, თუმცა ადამიანური რესურსების პროფესიონალური მართვა მათთვისაც აუცილებელია. სააგენტოსთან თანამშრომლობა საშუალებას მისცემთ, საჭირო სერვისი HR სპეციალისტის სრულ განაკვეთზე დაქირავების გარეშე მიიღონ.
ამასთანავე, კომპანიები, რომლებშიც თანამშრომელთა რაოდენობა მოკლე დროში 10-დან 50-მდე იზრდება და არსებული რესურსებით შიდა პროცესების მოწესრიგებას ვეღარ ასწრებენ მათ HR სააგენტო მათ სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და პროცესების სტანდარტიზაციაში ეხმარება.
გაფართოების ან ახალი ფილიალის გახსნის შემთხვევაში, კომპანიას შესაძლოა დროებითი დახმარება დასჭირდეს. ასეთი პროექტები მცირე დროში ბევრი თანამშრომლის აყვანას, დოკუმენტაციის მომზადებას, პირადი საქმეების შექმნას, ახალი წევრების გუნდში ინტეგრაციასა და სხვა მრავალ პროცესს მოიცავს. HR სააგენტოს ამ ამოცანების შესასრულებლად საკმარისი რესურსი და გამოცდილება აქვს.
მასშტაბური ორგანიზაციული ცვლილებების, რესტრუქტურიზაციის, კომპანიების გაერთიანების ან ახალი ბიზნეს მიმართულების დამატების შემთხვევაში, გარე ექსპერტის ობიექტური შეფასება და რეკომენდაციები ძალიან ღირებულია.
რას იღებს ბიზნესი HR სააგენტოსთან თანამშრომლობით?
HR სააგენტოსთან თანამშრომლობა კომპანიას რამდენიმე ხელშესახებ სარგებელს აძლევს. პირველ რიგში, ეს დროის ეკონომიაა. იმ ფონზე, როდესაც ვაკანსიის დამოუკიდებლად შევსებას საშუალოდ 24-36 დღე სჭირდება, სააგენტო, საკუთარი კანდიდატების ბაზისა და გამართული შერჩევის სისტემის წყალობით, ამ პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.
მნიშვნელოვანია ექსპერტული ცოდნის ფაქტორიც. HR სპეციალისტები მუდმივად ადევნებენ თვალს შრომის ბაზრის ტენდენციებს, გადაწყვეტების დაგეგმვისას ითვალისწინებენ კვლევის შედეგებ და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების გამოცდილებას. ასევე, იყენებენ რეკრუტინგის ისეთ თანამედროვე მეთოდებს, როგორიცაა ჰედჰანთინგი.
არასწორად შერჩეული თანამშრომელი კომპანიისთვის დიდი ფინანსური ზარალის მომტანია, რომელიც, შესაძლოა, წლიური ხელფასის 30%-საც კი გაუტოლდეს. კანდიდატების შერჩევისა და გადამოწმების დეტალური პროცედურებით, სააგენტო ამცირებს შეცდომის დაშვების ალბათობას და ზრდის სწორი კანდიდატის პოვნის შანსს.
HR სააგენტო თანამედროვე ბიზნესისთვის სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრება, რომელიც მას ყველაზე ღირებული რესურსის, თანამშრომლების, მართვაში ეხმარება. ის ქმნის სისტემას, რომელიც კომპანიას საუკეთესო სპეციალისტების მოზიდვის, განვითარებისა და შენარჩუნების საშუალებას აძლევს.