კონკურენტული ანაზღაურების სისტემა: როგორ დავაკავშიროთ ხელფასი, შეფასება და შედეგი?

ბევრ კომპანიაში ხელფასის განსაზღვრის ერთიანი წესი არ არსებობს და ინდივიდუალური შეთანხმებების საფუძველზე ყალიბდება. ანაზღაურება შეიძლება დამოკიდებული იყოს დასაქმებისას შეთანხმებულ პირობებზე, შრომის ბაზარზე არსებულ ხელფასებზე, კომპანიის ზრდასა და სხვა ფაქტორებზე. შედეგად, ერთსა და იმავე ან მსგავს პოზიციებზე დასაქმებულ თანამშრომლებს შორის შესაძლოა მნიშვნელოვანი სახელფასო განსხვავებები წარმოიშვას.

მცირე გუნდში ასეთი განსხვავებების მართვა შედარებით მარტივია. კომპანიის ზრდასთან ერთად კი ვითარება იცვლება. დროთა განმავლობაში თანამშრომლები იგებენ, დაახლოებით რა ანაზღაურება აქვთ მათ კოლეგებს. თუ მსგავს პოზიციებზე ანაზღაურებაში მნიშვნელოვან სხვაობას აღმოაჩენენ, ჩნდება კითხვები ანაზღაურების სამართლიანობაზე. ამასთან, ხშირად არც ის არის ნათელი, რა პირობებში შეიძლება გაიზარდოს ხელფასი, დაწინაურდეს თანამშრომელი ან გაიცეს ბონუსი. როდესაც მან არ იცის, როგორ აისახება მისი მუშაობის შედეგები ანაზღაურებაზე, მოტივაციაც თანდათან მცირდება.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად კომპანიას ანაზღაურების მკაფიო სისტემა სჭირდება. მისი ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია სამუშაო პოზიციების ანალიზი და აღწერა, რადგან დამსაქმებელმა ზუსტად იცოდეს თითოეული პოზიციის ფუნქციები, პასუხისმგებლობები და ადგილი ორგანიზაციულ სტრუქტურაში. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე ხდება შესაძლებელი ანაზღაურების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც გადაწყვეტილებები არა მხოლოდ ინდივიდუალურ შეთანხმებებს, არამედ წინასწარ განსაზღვრულ და ყველასთვის ერთიან პრინციპებს ეყრდნობა.

რა არის კონკურენტული ანაზღაურების სისტემა?

კონკურენტული ანაზღაურების სისტემა არის მიდგომა, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს, თანამშრომლებს შესთავაზოს შრომის ბაზრის შესაბამისი ანაზღაურება და ამავდროულად უზრუნველყოს ორგანიზაციის შიგნით სამართლიანი და თანმიმდევრული სახელფასო პოლიტიკა. კონკურენტული ანაზღაურების სისტემა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და თანმიმდევრულობას.

სამართლიანი სისტემა ითვალისწინებს პოზიციის სირთულეს, პასუხისმგებლობის მოცულობასა და მნიშვნელობას კომპანიისთვის. პოზიციების შესაფასებლად გამოიყენება საკომპენსაციო და რანჟირების სისტემები, რომლებიც კომპანიას სხვადასხვა პოზიციის შედარებასა და ანაზღაურების შესაბამისი დიაპაზონების განსაზღვრაში ეხმარება. გამჭვირვალე სისტემაში თანამშრომელმა იცის, რა პრინციპით განისაზღვრება მისი ხელფასი და რა პირობებში შეიძლება შეიცვალოს მისი ოდენობა. ხოლო, თანმიმდევრულობა გულისხმობს, რომ ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება წინასწარ განსაზღვრული, ერთიანი კრიტერიუმების საფუძველზე.

ასეთი სისტემის პირობებში ხელფასის ოდენობა აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ინდივიდუალური მოლაპარაკების შედეგზე ან კონკრეტული მენეჯერის გადაწყვეტილებაზე. კომპანიას აქვს საერთო ჩარჩო, რომელიც დაუსაბუთებელი სახელფასო განსხვავებების შემცირებასა და ანაზღაურების შესახებ უფრო არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

მკაფიოდ განსაზღვრული სახელფასო სტრუქტურა ამარტივებს ახალი პოზიციების დამატებას, თანამშრომელთა კარიერული განვითარების დაგეგმვასა და კომპანიის ზრდასთან ერთად ანაზღაურების პოლიტიკის მართვას.

საიდან იწყება ანაზღაურების სისტემის შექმნა?

როგორ განვსაზღვროთ თანამშრომლის ხელფასი ისე, რომ ის სამართლიანი და კონკურენტული იყოს? პირველი ნაბიჯი არსებული პოზიციების საფუძვლიანი შესწავლაა.

კომპანიამ უნდა იცოდეს, რა ფუნქციას ასრულებს თითოეული თანამშრომელი, რა პასუხისმგებლობა აკისრია, რა ცოდნა და გამოცდილებაა საჭირო კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად და რა გავლენას ახდენს მისი როლი კომპანიის შედეგზე.

ამ ინფორმაციის შეგროვებასა და სისტემატიზებაში კომპანიას სამუშაო პოზიციების ანალიზი და აღწერა ეხმარება, რის შემდეგაც შესაძლებელია პოზიციების შეფასება და რანჟირება - მათი სირთულის, პასუხისმგებლობისა და ორგანიზაციული მნიშვნელობის მიხედვით.

შემდეგ ეტაპზე განისაზღვრება პოზიციების დონეები და შესაბამისი სახელფასო დიაპაზონები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის მონაცემების გათვალისწინებაც, რათა კომპანიის მიერ შეთავაზებული ანაზღაურება კონკურენტული იყოს და ხელი შეუწყოს კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებას.

საბოლოოდ, კომპანია იღებს ერთიან საკომპენსაციო ჩარჩოს, რომელიც პასუხობს სამ ძირითად კითხვას: რა ღირებულება აქვს კონკრეტულ პოზიციას ორგანიზაციისთვის, როგორია მისი საბაზრო ანაზღაურება და რა ფარგლებში შეიძლება განისაზღვროს თანამშრომლის ხელფასი.

ასეთი ჩარჩო რეკრუტინგის პროცესშიც გამოიყენება. ახალი თანამშრომლის შერჩევისას კომპანიამ წინასწარ იცის, რა სახელფასო დიაპაზონი შეესაბამება კონკრეტულ პოზიციას და აღარ სჭირდება თითოეული კანდიდატისთვის ანაზღაურების პირობების თავიდან განსაზღვრა. შედეგად, შერჩეული თანამშრომლის ხელფასიც კომპანიაში მოქმედ ანაზღაურების სისტემას შეესაბამება.

შეფასების სისტემა და KPI: როგორ უკავშირდება ხელფასი შედეგს?

რანჟირების სისტემა პოზიციის დონესა და ანაზღაურების შესაბამის დიაპაზონს განსაზღვრავს, თუმცა ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების მუშაობის შედეგები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ამ განსხვავების გასათვალისწინებლად თანამშრომელთა მუშაობის ინდივიდუალური შეფასებაც საჭიროა.

პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა კომპანია ყველა თანამშრომელს ხელფასს ერთნაირად უზრდის და მათი მუშაობის შედეგებს არ ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში მაღალი შედეგების მქონე თანამშრომელი ვერ ხედავს, რომ მისი შრომა სათანადოდ ფასდება. თუ დამატებითი ძალისხმევა არც ხელფასზე, არც ბონუსზე და არც კარიერულ წინსვლაზე არ აისახება, უკეთესი შედეგის მიღწევის მოტივაციაც მცირდება.

ამიტომ სასურველია, თანამშრომლის მიერ მიღწეული შედეგები ანაზღაურებასა და კარიერულ წინსვლაზეც აისახებოდეს. საბაზისო ხელფასი პოზიციის ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების მიხედვით განისაზღვრება. წინასწარ დასახული მიზნების მიღწევა შეიძლება საბონუსე სისტემის ფარგლებში შეფასდეს. პასუხისმგებლობის ზრდა, ახალი უნარების განვითარება და უფრო რთული ამოცანების შესრულება კი დაწინაურების საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს KPI მაჩვენებლებს. ისინი უნდა ასახავდეს არა უბრალოდ თანამშრომლის დატვირთვას, არამედ მის რეალურ შედეგს. მაგალითად, მოთხოვნა „კარგად მოემსახუროს მომხმარებელს“ სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას ტოვებს. გაცილებით მკაფიო კრიტერიუმია კვარტლის განმავლობაში მომხმარებელთა შეფასების საშუალო მაჩვენებლის მინიმუმ 90 პროცენტზე შენარჩუნება.

შეფასების სისტემა ეფექტურია მაშინ, როცა თანამშრომელმა წინასწარ იცის, რა კრიტერიუმებით შეაფასებენ მის მუშაობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერები შეფასებისას ერთიანი სტანდარტებით ხელმძღვანელობდნენ. თუ მსგავსი შედეგები სხვადასხვა ხელმძღვანელის მიერ განსხვავებულად ფასდება, სისტემა კარგავს სანდოობას. ამიტომ აუცილებელია მკაფიო კრიტერიუმები, შეფასების ერთიანი მეთოდოლოგია და მენეჯერების შეთანხმებული მიდგომა.

როგორ ეხება ეს ქართულ კომპანიებს?

ქართულ კომპანიებში ანაზღაურების სისტემა ხშირად ეტაპობრივად, ბიზნესის ზრდასთან ერთად ყალიბდება. თავდაპირველად რამდენიმე თანამშრომელთან ხელფასზე ინდივიდუალური შეთანხმება პრობლემას არ ქმნის, თუმცა გუნდის გაფართოების შემდეგ განსხვავებული შეთანხმებების მართვა რთულდება.

თუ კომპანიაში უკვე ათეულობით თანამშრომელია, ინდივიდუალური შეთანხმებების შედეგად მსგავს პოზიციებზე ხელფასებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა შეიძლება გაჩნდეს. მაგალითად, ახალ თანამშრომელს შესაძლოა უფრო მაღალი ხელფასი დაუნიშნონ, ვიდრე იმავე პოზიციაზე წლების განმავლობაში მომუშავე კოლეგას აქვს. ზოგ შემთხვევაში კი მენეჯერს არ აქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე, რა შედეგის მიღწევის შემდეგ უნდა გაეზარდოს კონკრეტულ თანამშრომელს ხელფასი.

ასეთი გამოწვევების საპასუხოდ კომპანიას სჭირდება ანაზღაურების მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს პოზიციების შეფასებას, შრომის ბაზრის მონაცემებს, თანამშრომელთა შედეგიანობასა და ორგანიზაციის ფინანსურ შესაძლებლობებს.

ამ სისტემის ფარგლებში დადგენილი სახელფასო პირობები ფეიროლის პროცესშიც უნდა აისახოს, რათა ხელფასების, დანამატებისა და ბონუსების დარიცხვა შესაბამისობაში იყოს კომპანიის შიდა პოლიტიკასა და დადგენილ წესებთან.

თუ კომპანიაში თანამშრომელთა ანაზღაურება წლების განმავლობაში სხვადასხვა პრინციპით განისაზღვრებოდა, სისტემის მოწესრიგება არსებული მდგომარეობის ანალიზით უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ შესაძლებელია პოზიციების შეფასება და რანჟირება, სახელფასო დიაპაზონების შემუშავება, შეფასების კრიტერიუმებისა და KPI-ების განსაზღვრა, ასევე შედეგზე ორიენტირებული საბონუსე მექანიზმების დანერგვა.

HR აუთსორსინგის კომპანია One Point ბიზნესებს ანაზღაურების სისტემის შექმნასა და დანერგვაში ეხმარება, რათა ხელფასის განსაზღვრისას გადაწყვეტილებები საერთო პრინციპებს დაეყრდნოს.




გაზიარება: