5 ბიზნესრისკი, რომელიც ყველაზე წარმატებულ კომპანიებსაც კი ემუქრება

ბიზნესრისკებზე ფიქრისას ხშირად გარე საფრთხეები გვახსენდება: კიბერშეტევა, ბაზრის რყევა თუ ტექნოლოგიური ცვლილება. Allianz-ის 2026 წლის კვლევის მიხედვით, რომელშიც 97 ქვეყნის 3 338 ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა, კიბერინციდენტები და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკები პირველ ორ ადგილს იკავებს, თუმცა კომპანიის საქმიანობას საფრთხე მხოლოდ გარე ფაქტორებიდან არ ემუქრება.

არანაკლებ საყურადღებოა რისკები, რომლებიც თავად კომპანიის შიგნით ჩნდება და თანამშრომლებს, გუნდურ მუშაობას, შიდა პროცესებსა თუ ორგანიზაციულ სტრუქტურას უკავშირდება. ისინი ანგარიშებში ყოველთვის თვალსაჩინო არაა, თუმცა მათ გამოვლენასა და მართვაზე კომპანიას უშუალო გავლენის მოხდენა შეუძლია. ასეთი პრობლემები ხშირად შეუმჩნეველი რჩება იქამდე, სანამ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს. მსგავსი რისკები ყველაზე წარმატებულ და, ერთი შეხედვით, სტაბილურ ორგანიზაციებშიც არსებობს. ქვემოთ ხუთ მათგანს განვიხილავთ.

ლიდერების ნაკლებობა მნიშვნელოვან პოზიციებზე

წარმატებული კომპანია ხშირად რამდენიმე გამოცდილ თანამშრომელს ეყრდნობა. სანამ ისინი გუნდურად მუშაობენ, ასეთი დამოკიდებულება პრობლემად არ აღიქმება. ვითარება მაშინ იცვლება, როცა ერთ-ერთი მათგანი კომპანიას ტოვებს და მისი სწრაფად ჩანაცვლება ხდება საჭირო.

DDI-ის 2025 წლის კვლევის მიხედვით, HR ხელმძღვანელთა მხოლოდ 20 პროცენტს ჰყავს მომზადებული შიდა კანდიდატები მნიშვნელოვანი მენეჯერული პოზიციების უმეტესობის დასაკავებლად. ამასთან, კომპანიებში ასეთი პოზიციების საშუალოდ მხოლოდ 49 პროცენტის დაუყოვნებლივ შევსებაა შესაძლებელი კომპანიის არსებული თანამშრომლებით. ეს ზრდის რისკს, რომ გამოცდილი თანამშრომლის წასვლის შემდეგ პოზიცია გარკვეული დროით ვაკანტური დარჩეს ან კომპანიას ახალი კადრის მოძიება დასჭირდეს. ახალ თანამშრომელს კი სამუშაო გარემოსთან, გუნდთან და პროცესებთან შესაგუებლად დრო სჭირდება.

თანამშრომლის წასვლისას კომპანიამ შეიძლება დაკარგოს მის მიერ დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება და შიდა კავშირებიც. რისკი განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როცა მნიშვნელოვან ინფორმაციას მხოლოდ ერთი თანამშრომელი ფლობს. ამიტომ კომპანიამ წინასწარ უნდა განსაზღვროს, რომელი მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაა დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანებზე და ვინ შეძლებს საჭიროების შემთხვევაში მათ ჩანაცვლებას. ამ რისკის შემცირებას ემსახურება კრიტიკული პოზიციების უწყვეტობის უზრუნველყოფა.

სტრუქტურა, რომელიც კომპანიის ზრდასთან ერთად ვეღარ ვითარდება

მცირე გუნდში ბევრი საკითხი არაფორმალურად წყდება. თანამშრომლებმა იციან, ვინ რას აკეთებს, ვის უნდა მიმართონ და ვინ იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. კომპანიის ზრდასთან ერთად ვითარება იცვლება. ემატება ახალი პოზიციები და გუნდები, პასუხისმგებლობები კი ყოველთვის მკაფიოდ აღარ არის განაწილებული. ასეთ დროს შეიძლება წარმოიქმნას HR რისკები: ერთ ამოცანაზე რამდენიმე თანამშრომელი იყოს პასუხისმგებელი, მეორე კი საერთოდ არავის ეკისრებოდეს. შედეგად, გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება, რაც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზეც აისახება.

Deloitte-ის 2026 წლის კვლევის მიხედვით, ბიზნესლიდერების დაახლოებით 70 პროცენტი მომდევნო სამი წლის მთავარ კონკურენტულ სტრატეგიად სწრაფ და მოქნილ მოქმედებას ასახელებს, თუმცა კომპანიას ცვლილებებზე სწრაფად რეაგირება უჭირს, თუ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა კვლავ ძველ მოდელს ეფუძნება.

პრობლემის მოგვარება პასუხისმგებლობების დაზუსტებით, როლების გადახედვითა და ორგანიზაციული სტრუქტურის კომპანიის რეალურ საჭიროებებზე მორგებით იწყება. ამ მიზანს ემსახურება როგორც ორგანიზაციული სტრუქტურის განვითარება, ისე სამუშაო პოზიციების ანალიზი და აღწერა.

ხელოვნური ინტელექტი ადამიანების ჩართულობის გარეშე

ხელოვნური ინტელექტი Allianz-ის ბიზნესრისკების რეიტინგში ერთ წელიწადში მეათე ადგილიდან მეორეზე გადავიდა. კომპანიები ახალ ინსტრუმენტებს აქტიურად ნერგავენ, თუმცა მხოლოდ ტექნოლოგიის დანერგვა სასურველი შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის.

Deloitte-ის 2026 წლის კვლევის მიხედვით, ორგანიზაციების 65 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენით მათ ორგანიზაციულ კულტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია საჭირო. კვლევა ასევე ხაზს უსვამს სამუშაო პროცესების გადახედვისა და თანამშრომლების მომზადების მნიშვნელობას. თუ კომპანია მხოლოდ ტექნიკურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, ახალი ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენება შეიძლება გართულდეს.

ახალი ინსტრუმენტი ეფექტურია მაშინ, როცა თანამშრომლებმა იციან, რისთვის უნდა გამოიყენონ იგი, რომელ ამოცანებში გამოადგებათ და რა შეზღუდვები უნდა გაითვალისწინონ მისი გამოყენებისას.

ამიტომ AI-ის დანერგვა მხოლოდ IT გუნდის პასუხისმგებლობა არ არის. პროცესში მენეჯმენტის, HR გუნდისა და თანამშრომლების ჩართულობაც საჭიროა. ტექნოლოგიური ცვლილებების ორგანიზაციული მხარის დაგეგმვაში კომპანიას შეიძლება დაეხმაროს სტრატეგიული HR მრჩეველი.

მოკლევადიანი ამოცანები

გადაუდებელი საკითხების მოგვარებას ხშირად სამუშაო დღის დიდი ნაწილი ეთმობა. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა კომპანია იმდენად არის დაკავებული მიმდინარე საქმეებით, რომ გრძელვადიან გეგმებზე მუშაობისთვის დრო თითქმის აღარ რჩება.

PwC-ის 2026 წლის კვლევის მიხედვით, კომპანიების აღმასრულებელი ხელმძღვანელები სამუშაო დროის საშუალოდ 47 პროცენტს ერთ წელზე ნაკლებ პერიოდთან დაკავშირებულ საკითხებს უთმობენ, ხოლო ხუთ წელზე ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ საკითხებს მხოლოდ 16 პროცენტს. ასეთ პირობებში არსებობს რისკი, რომ კომპანია ძირითადად მიმდინარე გამოწვევებზე რეაგირებით შემოიფარგლოს და ნაკლები ყურადღება დაუთმოს ცვლილებებს, რომლებმაც მომავალში შეიძლება მის საქმიანობაზე გავლენა მოახდინოს.

DDI-ის კვლევაც ადასტურებს ცვლილებების მართვის მნიშვნელობას. მისი მონაცემებით, კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელებიც ცვლილებებს ეფექტურად მართავენ, ფინანსურ მიზნებს 2,4-ჯერ უფრო მაღალი ალბათობით აღწევენ ან აჭარბებენ.

გრძელვადიანი დაგეგმვისთვის ხელმძღვანელებს მეტი დრო სჭირდებათ. ამის მიღწევა უფრო ადვილია მაშინ, როცა ყოველდღიური სამუშაო პროცესები მკაფიოდ არის განსაზღვრული, პასუხისმგებლობები განაწილებულია და მიმდინარე საკითხების მოგვარება ხელმძღვანელების მუდმივ ჩართულობას აღარ მოითხოვს. ამგვარი პროცესების მოწესრიგებაში კომპანიას ბიზნეს პროცესების მართვა ეხმარება.

მზარდი რეგულაციები და დოკუმენტაციის ხარვეზები

კანონმდებლობა და ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციები დროთა განმავლობაში იცვლება. Allianz-ის 2026 წლის ბიზნესრისკების რეიტინგში კანონმდებლობისა და რეგულაციების ცვლილება მეოთხე ადგილს იკავებს.

კომპანიის ზრდასთან ერთად ყურადღება ხშირად გაყიდვებს, ახალი თანამშრომლების აყვანასა და საქმიანობის გაფართოებას ეთმობა. ამ ფონზე ხელშეკრულებების, შიდა წესებისა და სხვა დოკუმენტების გადახედვა და განახლება შეიძლება გადაიდოს.

პრობლემა ყოველთვის მაშინვე არ ჩანს. ხარვეზი შეიძლება მხოლოდ მოგვიანებით გამოვლინდეს, მაგალითად, შრომითი დავის, შემოწმების ან თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას. ასეთ დროს კომპანიამ შეიძლება აღმოაჩინოს, რომ საჭირო დოკუმენტი არ არსებობს, მოძველებულია ან რეალურ სამუშაო პროცესს აღარ შეესაბამება.

ამ რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია HR დოკუმენტაციისა და შესაბამისი პროცესების პერიოდული შემოწმება. კომპანიამ უნდა შეაფასოს, რამდენად შეესაბამება არსებული დოკუმენტაცია მოქმედ მოთხოვნებსა და ყოველდღიურ პრაქტიკას. ამ მიზანს ემსახურება HR აუდიტი და გამართული HR ადმინისტრირება, რომლებიც კომპანიას ხარვეზების დროულად გამოვლენასა და გამოსწორებაში ეხმარება.

რა აერთიანებს ამ ხუთ რისკს?

ხუთივე რისკს საერთო მახასიათებელი აქვს. ისინი კომპანიის შიგნით ჩნდება და ხშირად ნელა ვითარდება. ამის გამო პრობლემა შეიძლება დიდხანს დარჩეს ყურადღების მიღმა. შემოსავალი იზრდება, გუნდი ფართოვდება და ყოველდღიური საქმიანობა ჩვეულებრივ გრძელდება, თუმცა შიდა ხარვეზები თანდათან გროვდება.

გარე საფრთხეებისგან განსხვავებით, ამ რისკებზე კომპანიას გაცილებით მეტი გავლენა აქვს. მას შეუძლია მნიშვნელოვანი პოზიციისთვის წინასწარ მოამზადოს შემცვლელი, დროულად გადახედოს სტრუქტურას, თანამშრომლებს ახალი ტექნოლოგიების გამოყენება ასწავლოს, პროცესები მოაწესრიგოს და დოკუმენტაცია რეგულარულად შეამოწმოს.

წარმატებულ კომპანიებსაც აქვთ რისკები. მთავარია, რამდენად დროულად ამჩნევენ პრობლემებს და იწყებენ მათ მოგვარებას. რაც უფრო ადრე აღმოაჩენს კომპანია შიდა ხარვეზებს, მით უფრო ადვილად შეძლებს მათ გამოსწორებას, სანამ ისინი მის ზრდას შეაფერხებს.

თუ კომპანიას სურს შიდა ბიზნესრისკების სისტემური შეფასება და შესაბამისი მიმართულებების განსაზღვრა, One Point მას არსებული მდგომარეობის შეფასებასა და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში დაეხმარება.




გაზიარება: