One Point Future Talent Scholarship - ახალი შესაძლებლობა მომავალი ლიდერებისთვის


კარიერული განვითარება მხოლოდ განათლებით არ იწყება. მას სწორი მხარდაჭერა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალების მენტორობა სჭირდება. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ ალტე უნივერსიტეტი და HR აუთსორსინგული კომპანია One Point, რომლებმაც ახალი საგანმანათლებლო ინიციატივა - One Point Future Talent Scholarship შექმნეს.

პროგრამის ფარგლებში One Point ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამის ორ სტუდენტს სწავლას 50%-ით დაუფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ როგორც უკვე მოქმედ MBA სტუდენტებს, ისე 2026/2027 სასწავლო წელს ჩარიცხულ სტუდენტებს. გამარჯვებულთა შერჩევა განხორციელდება მას შემდეგ, რაც სტუდენტები სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.

ძლიერი ორგანიზაციები იქმნება ძლიერი ადამიანებით. სწორედ ამიტომ, ჩვენი მისიაა, ერთი მხრივ, კომპანიებს შევთავაზოთ ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფილი და სტრატეგიული მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, აქტიური წვლილი შევიტანოთ მომავალი პროფესიონალებისა და ლიდერების განვითარებაში. One Point Future Talent Scholarship ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა. ალტე უნივერსიტეტთან პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, აკადემიური განათლება რეალურ ბიზნეს გამოცდილებასთან დავაკავშიროთ და სტუდენტებს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, შევთავაზოთ მენტორინგი, კარიერული კონსულტაცია, პროფესიული განვითარების პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინდუსტრიებთან პირდაპირი კავშირი.“ - აღნიშნავს ნინო ნიაური,  One Point-ის მმართველი პარტნიორი.

One Point-ისთვის ადამიანების განვითარება ორგანიზაციების წარმატების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, კომპანია აქტიურად მონაწილეობს მომავალი პროფესიონალების კარიერული გზის ფორმირებაში და ამ მიმართულებით ალტე უნივერსიტეტის  მთავარი პარტნიორია.

ალტე უნივერსიტეტი აგრძელებს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომლებიც სტუდენტებისთვის აკადემიურ განათლებას რეალურ პროფესიულ გამოცდილებასა და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობასთან აკავშირებს. ჩვენი და One Point-ის საერთო ინიციატივა მომავალ ლიდერებს არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ გამოცდილ მენტორებთან მუშაობის, პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობასაც მისცემს.“ - აღნიშნავს რამაზ კუკულაძე,  ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

One Point Future Talent Scholarship კიდევ ერთი ნაბიჯია განათლების, ბიზნესისა და კარიერული განვითარების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და იმ ახალი თაობის მხარდასაჭერად, რომელიც მომავალში ბიზნესის ლიდერებად ჩამოყალიბდება.