არარეზიდენტთა დასაქმება საქართველოში: რა შეიცვალა 2026 წლის 1 მარტიდან 

2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების წესები შეიცვალა. ცვლილებები შევიდა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში და ახლა ყველა - დამსაქმებელი, არარეზიდენტი თანამშრომელი თუ თვითდასაქმებული, ვალდებულია, შესაბამისი პროცედურები განახორციელოს

 

ვის ეხება ახალი რეგულაციები?

ცვლილებები ვრცელდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებსაც საქართველოში შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სურთ და არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

ცვლილებები ეხება:

  • არარეზიდენტ თანამშრომლებს, რომლებიც ქართულ კომპანიებში მუშაობენ;
  • პარტნიორებს ან ინდივიდუალურ მეწარმეებს;
  • ფრილანსერებს ან დამოუკიდებელ კონტრაქტორებს, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ საქმიანობას.

გამონაკლისებს შორის არიან:

  • დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლები;
  • პირები, რომლებსაც უკვე აქვთ საინვესტიციო ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

 

რას ნიშნავს შრომითი საქმიანობის უფლება?

ახალი სისტემის ცენტრალური ელემენტი არის „შრომითი საქმიანობის უფლება". ეს არის დოკუმენტი, რომელსაც სსიპ “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო” გასცემს და რომელიც ადასტურებს, რომ არარეზიდენტი საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. პროცესი სრულად ელექტრონულია და განაცხადის წარდგენა სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე ხდება. 

როგორც წესი, არარეზიდენტმა პირმა ჯერ უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება, რის შემდეგაც შეუძლია მიმართოს D1 კატეგორიის ვიზის ან შრომითი ბინადრობის ნებართვისთვის.

ნებართვის მიღება ფასიანია, საფასური კი მომსახურების ვადაზეა დამოკიდებული: სტანდარტული განხილვა (30 დღე) - 200 ლარი, ხოლო დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე) - 400 ლარი.

 

როგორ უნდა მოიქცეს დამსაქმებელი?

თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში ადგილობრივ კომპანიაში დასაქმებულია ან უნდა დასაქმდეს და ანაზღაურებად სამუშაოს შეასრულებს, შრომითი საქმიანობის უფლება მისი დამსაქმებლის მეშვეობით მოიპოვება.

ეს ნიშნავს, რომ სწორედ დამსაქმებელი იწყებს და უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ პროცედურებს, რათა არარეზიდენტმა თანამშრომელმა მიიღოს საქართველოში მუშაობის უფლება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტული დამსაქმებლისთვის და კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე. შესაბამისად, თუ არარეზიდენტი თანამშრომელი დამსაქმებელს ან პოზიციას შეცვლის,  საჭიროა ახალი ნებართვის მიღება. ამ პროცესის გამარტივებაში One Point-ის აუთსორსინგის გუნდი დაგეხმარებათ.

რაც შეეხება ახალი თანამშრომლის აყვანას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მის დასაქმებამდე ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე უნდა განთავსდეს სახელმწიფო პლატფორმაზე. თუ ამ პერიოდში შესაბამისი რეზიდენტი კანდიდატი ვერ მოიძებნა, მხოლოდ მაშინ გაძლევთ კანონი უფლებას, განაცხადი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასასაქმებლად წარადგინოთ. სწორედ ამ ეტაპზე - კანდიდატის მოძიებიდან განაცხადის წარდგენამდე - One Point-ის რეკრუტინგის სერვისი დაგეხმარებათ.

ადგილობრივი კანდიდატის ძიების ვალდებულება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

  • ორგანიზაციებზე, რომლებსაც საერთაშორისო კომპანიის სტატუსი აქვთ;

  • ინოვაციურ სტარტაპებზე;

  • პოზიციებზე, სადაც თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება 15 000 ლარს აღემატება;

  • შემთხვევებზე, როდესაც პოზიცია შესაბამის სფეროში უმაღლეს განათლებას მოითხოვს.

ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ შემთხვევებში დამსაქმებელს აღარ ევალება წინასწარ ადგილობრივი კანდიდატის ძიების პროცესის გავლა და შეუძლია პირდაპირ უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების პროცედურების დაწყება.

 

რა წესები ვრცელდება თვითდასაქმებულ არარეზიდენტებზე?

თვითდასაქმებულები, მათ შორის ფრილანსერები, ინდივიდუალური მეწარმეები და პარტნიორები, განაცხადსაც პირადად წარადგენენ და საფასურსაც თავად იხდიან. სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად ბიზნეს გეგმა და ფინანსური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება საჭირო, ხოლო “დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან” ვიდეო გასაუბრება - სავალდებულო ეტაპია.

მნიშვნელოვანია: თუ თვითდასაქმებული არარეზიდენტი 6 თვეზე მეტ ხანს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაატარებს, ნებართვა ავტომატურად უქმდება.

 

სანქციები კანონის დარღვევის შემთხვევაში

კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარს შეადგენს როგორც დამსაქმებლისთვის, ისე არარეზიდენტი თანამშრომლისთვის, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში სანქციები მკაცრდება. დოკუმენტაციის შედგენისა და ვადების გაკონტროლების პროცესს სწორი HR ადმინისტრირება გაგიმარტივებთ.

 

გარდამავალი პერიოდი

ვინც 1 მარტის მდგომარეობით უკვე საქართველოში ახორციელებდა შრომით საქმიანობას, შეეხება გარდამავალი პერიოდი ანუ ისარგებლებს განსხვავებული ვადებით:

პროცედურის გავლა შეუძლიათ:

  • თვითდასაქმებულ არარეზიდენტებს – 2026 წლის 1 მაისამდე;
  • დასაქმებულ შრომით იმიგრანტებს, რომლებსაც სახელმწიფო ბაზაში აქტიური სტატუსი აქვთ – 2027 წლის 1 იანვრამდე.

 

როგორ დაგეხმარებათ One Point

 ახალი რეგულაციები კომპანიებისთვის დამატებით ადმინისტრაციულ პროცედურებს ქმნის,  განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც არაერთი უცხოელი თანამშრომელი ჰყავთ დასაქმებული. 

სწორედ ამიტომ One Point კომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ ან უცხოელი თანამშრომლების დასაქმებას გეგმავენ, კომპლექსურ გადაწყვეტას სთავაზობს. ის პროცესების უწყვეტი, უსაფრთხო და ეფექტური მოგვარებისთვის  იურიდიულ შესაბამისობასა და HR ადმინისტრაციულ მართვას გულისხმობს და დამკვეთს ახალი კომპანიის ფორმირებაში ეხმარება.

სერვისი აერთიანებს: 

  • საქართველოში უცხოური კომპანიის ფორმირებასა და რეგისტრაციას 
  • D1 კატეგორიის სამუშაო ვიზის პროცესის სრულ მართვას
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადებასა და სამართლებრივ ექსპერტიზას
  • საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას
  • უცხოელი თანამშრომლების დასაქმების სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას
  •  შრომითი დავების პრევენციასა და რისკების შეფასებას
  • პერსონალის დოკუმენტაციის ადმინისტრირებას
  •  ხელფასებისა და შიდა HR პროცესების კოორდინაციას
  • HR პოლიტიკებისა და პროცედურების დანერგვას